ისლამი (არაბ. الإسلام; ალ–ისლამ) — მონოთეისტური აბრაამისეული რელიგია. მისი რელიგიური სწავლება დაფუძნებულია ყურანზე, როგორც ღმერთის პირდაპირ სიტყვაზე და სუნნაზე, როგორც ღმერთის მიერ რჩეული მაცნის, მუჰამმადის ქცევით მაგალითზე.
ისტორიულად ისლამი VII საუკუნეში წარმოიშვა არაბეთის ნახევარკუნძულზე, ჰიჯაზის მხარეში. ისლამის სწავლების მიხედვით, ღმერთი მანამდეც აგზავნიდა სხვადასხვა ერთა შორის მაცნეებსა და წინასწარმეტყველებს, მათ შორის იყვნენ ბიბლიური პერსონებიც – ნუჰი, მუსა, ‘ისა და სხვები, რომლებიც ხალხში ქადაგებდნენ ერთღმერთიანობას. ერთღმერთიანობის ადეპტად მიიჩნევა იბრაჰიმი.
ისლამის მიმდევარს ეწოდება მუსლიმი (ასევე მაჰმადიანი, მუსლიმანი ან მუსულმანი). 2009 წლის მონაცემებით, მათი რიცხვი 1,57 მილიარდს აღწევს და მსოფლიოს მოსახლეობის 23% შეადგენენ.[ ისინი ძირითადად განსახლებული არიან ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში. მუსლიმთა დიდი ნაწილი განეკუთვნება მის ორ ძირითად შტოს – სუნიტურსა და შიიტურს. მათ გარდა არსებობენ სხვა მცირე ჯგუფები და ჰეტეროდოქსული სექტები.
ისტორია
ისლამამდელ პერიოდს ისლამურ ლიტერატურაში ეწოდება ჯაჰილია (უმეცრება). ამ პერიოდში არაბებს შორის გავრცელებული იყო წარმართობის სხვადასხვა ფორმები – წინაპართა კულტი, ფეტიშიზმი (ხეების, კლდეებისა და ქვების თაყვანისცემა), ტოტემიზმი (ლომის, მგლის, ხარისა და ა.შ. თაყვანისცემა). არაბებს შორის ქურუმთა სასულიერო წოდება არ არსებობდა, ამგვარად რელიგიას ორგანიზებული ფორმა არ ჰქონია, თუმცა იყვნენ წმინდა ადგილების მცველები და მუცლითმეზღაპრეები, რომლებიც საკმაო გავლენით სარგებლობდნენ.
არაბეთის ნახევარკუნძულის ეკონომიკური და რელიგიური ცხოვრების ცენტრი იყო მექა, რომლის ტერიტორია ნაკრძალად ითვლებოდა, სადაც მკვლელობა და შეურაცხყოფა დაუშვებლად მიიჩნეოდა. აქ იყო ქა’აბის შავი ქვა, რომელსაც ყველა არაბული ტომი თაყვანს სცემდა. გადმოცემით, იგი ღმერთმა არაბების საერთო წინაპარს, იბრაჰიმს გამოუგზავნა, რომ მისთვის და მისი ვაჟისთვის, ისმა’ილისთვის მიეთითებინა ადგილი, სადაც უნდა აეგოთ სამლოცველო. მის გარშემო განლაგებული იყო 360 კერპი. მათ მეთაურად ითვლებოდა ომის ღმერთი ჰუბალი. 440 წლისთვის ქა’აბის მცველი ხდება ყურაიშის ტომი, რომელსაც ეკუთვნოდა თავად მუჰამმადიც ﷺ .
ამასთან აღსანიშნავია, რომ არაბეთში ასევე გავრცელებული იყო ერთღმერთიანობა – ჰანიფობა. ჰანიფები ერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს და თავს მიიჩნევდნენ იბრაჰიმის მემკვიდრეებად.
არაბეთში ასევე გავრცელებული იყო იუდაიზმი და ქრისტიანობაც. იუდეველთა ტომები გაფანტული იყვნენ მთელს ნახევარკუნძულზე, ხოლო ზუ ნუვასმა, რომელიც 517–527 წლებში აკონტროლებდა ნახევარკუნძულის სამხრეთს, სახელმწიფო რელიგიად იუდაიზმი გამოაცხადა და აქტიურ მოქმედებებს ეწეოდა ქრისტიანებისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ რეგიონში.
ქრისტიანობა ძირითადად ბიზანტიელი და ეთიოპელი ვაჭრებისა და მისიონერების საშუალებით ვრცელდებოდა, არსებობდა ეთიოპიელთა სავაჭრო უბნები არაბულ ქალაქებში. ასევე ნესტორიანელი და მონოფიზიტი მისიონერები აქტიურად ქადაგებდნენ მთელ ნახევარკუნძულზე. ქრისტიანული თემის ცენტრად ქალაქი ნაჯრანი იყო მიჩნეული, რომლის მხარეშიც მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანი იყო.
ისტორიულად, ისლამი იწყება 610 წელს, როდესაც მექაში მუჰამმადმა ﷺ დაიწყო ქადაგება. ისლამის მიხედვით, მექის ახლომდებარე მთის, ჰირა’ას გამოქვაბულში, მას გამოეცხადა არსება, რომელმაც მას უბრძანა წაეკითხა, მაგრამ სამჯერ უარი მიიღო. ბოლოს ამ არსებამ წაუკითხა მას შემდეგი სიტყვები: იკითხე, შენი უფლის სახელით, რომელმაც შექმნა, შექმნა ადამიანი სისხლის ლეკერტისაგან, იკითხე! და შენი უფალი უკეთილშობილესია, რომელმაც ასწავლა კალამი, ასწავლა ადამიანს ის, რაც მან არ იცოდა! მუჰამმადს ﷺ შეეშინდა, დაბრუნდა სახლში და ყველაფერი თავის ცოლს, ხადიჯას უამბო. ხადიჯამ დაამშვიდა იგი და დაჰპირდა, რომ ამ ყველაფერს თავის ბიძაშვილს, ვარაყას აცნობებდა, რომელიც ქრისტიანი იყო, სახარება და ბიბლიის ნაწილები გადმოთარგმნილი და ჩაწერილი ჰქონდა არაბულ ენაზე. ვარაყამ, როდესაც ეს ამბავი მოისმინა, მუჰამმადს ﷺ უთხრა, რომ მასთან გამოცხადებული არსება იყო ანგელოზი ჯიბრაილი, ხოლო თავად მას მძიმე დღეები მოელოდა. თავის მხრივ ვარაყამ აღუთქვა მას მხარდაჭერა, მაგრამ მალევე გარდაიცვალა სიბერის გამო.[
მუჰამმადი იწყებს საიდუმლოდ ქადაგებას. ისლამს იღებენ მისი ცოლი ხადიჯა, მისი ბიძაშვილი ‘ალი, მისი მეგობარი აბუ ბაქრი და სხვები. 613 წელს მუჰამმადი ﷺ ღიად ქადაგებას იწყებს და მექელ წარმართთა არისტოკრატია მას დაუძინებელ მტრად ეკიდება. ისლამის მტრობით გამოირჩეოდნენ ‘ამრ იბნ ჰიშამი, იგივე აბუ ჯაჰლი და მუჰამმადის ﷺ ბიძა, ‘აბდულ–’უზზა იბნ ‘აბდულ–მუტტალიბი, იგივე აბუ ლაჰაბი. ისინი ყველა საშუალებით ცდილობდნენ ხალხის დაშინებას, სახალხოდ დასცინოდნენ და შეურაცხყოფნენ მუსლიმებს, ემუქრებოდნენ მათ, ვისზეც ეჭვობდნენ რომ ისლამს მიიღებდა. აბუ ჯაჰლმა მოკლა სუმაია ბინთ ხაიატი, წარმართები აწამებდნენ ბილალს, სუმაიას ვაჟს ‘ამმარს და სხვა მუსლიმებს, რომლებსაც გვარის მფარველობის იმედი არ უნდა ჰქონოდათ. 613 წელსვე მუჰამმადმა მუსლიმთა ნაწილს მოუწოდა, გადასახლებულიყვნენ ეთიოპიაში. ეთიოპიის ნეგუსმა მიიღო ისინი, მაგრამ მათ მოჰყვა მექელ წარმართთა დელეგაცია, რომლებმაც მათი დაბრუნება მოითხოვეს. ნეგუსმა გამოჰკითხა მუსლიმები და როდესაც მოისმინა მათი პასუხი (გადმოცემით, ეს იყო სურა მარიამი), უარი უთხრა მექელებს დაებრუნებინა ისინი.[
616 წელს ისლამი მიიღო ‘უმარმა, რომლის მოწოდებითაც მუსლიმებმა დაიწყეს ლოცვა სახალხოდ, ქა’აბასთან. 617 წელს ყურაიშის ტომის მახზუმისა და აბდ შამსის გვარების თაოსნობით, შეიკრიბა დარ ან–ნადვა, ანუ საბჭო, რომელმაც საყოველთაო ბოიკოტი გამოუცხადა მუსლიმებსა და მათ, ვინც უარს იტყოდა მათთან კავშირის შეწყვეტაზე. ამგვარად ჰაშიმის გვარის ის წარმომადგენლები, რომლებსაც ისლამი არ ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ნათესაურ კავშირს ინარჩუნებდნენ მუჰამმადთან ﷺ, ამ ბოიკოტის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ბოიკოტს ჰაშიმის გვარიდან შეუერთდა მუჰამმადის ﷺ ბიძა აბუ ლაჰაბიც. ბოიკოტმა 2 წელი გასტანა და 619 წელს დასრულდა.
619 წელს გარდაიცვალნენ აბუ ტალიბი და ხადიჯა, მუჰამმადის ﷺ ორი უახლოესი ადამიანი. აბუ ტალიბის გარდაცვალებასთან ერთად მუჰამმადმა დაკარგა თავისი გვარის წინამძღოლის მხარდაჭერა და მფარველობა. იგი გაემგზავრა ტა’იფში, მაგრამ იქაურებმა უთხრეს: თუ შენ ღმერთის გამოგზავნილი ხარ, მეტად ღირსეული ხარ ჩვენთან სასაუბროდ. ხოლო თუ მატყუარა ხარ, მაშინ მეტად უღირსი ხარ ჩვენთან სასაუბროდ! და მონები წაუსიეს რომ ქალაქიდან გაეძევებინათ. ამის შემდეგ იგი ხვდება იასრიბელ (მედინა) მომლოცველებს, რომლებიც ქა’აბის მოსალოცად იყვნენ ჩამოსული მექაში. მედინელებმა მოისმინეს მუჰამმადის ﷺ სიტყვა და იგი თავის ქალაქში მიიწვიეს. მუჰამმადმა ﷺ მათთან ერთად გაგზავნა მუს’აბ იბნ ‘უმაირი, რომელსაც მათთვის რელიგია უნდა ესწავლებინა.
მედინელთა შორის ისლამის გავრცელებით შეშფოთებული მექელი წარმართები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, მექის შვიდივე გვარის წარმომადგენლები შეკრებილიყვნენ და მოეკლათ მუჰამმადი ﷺ, ამგვარად ჰაშიმის გვარი ვერ შეძლებდა ყველა გვარიდან აეღო სისხლი და იძლებული გახდებოდა, სისხლის საფასურით დაკმაყოფილებულიყო, რასაც მექელი წარმართები სიხარულით გადაიხდიდნენ. მაგრამ მუჰამმადმა ﷺ დატოვა მექა 622 წლის 17 ივნისს ღამით, როდესაც შეთქმულებს იგი უნდა მოეკლათ, და გაემართა მედინაში.
მედინაში ისლამმა სწრაფად მოიკიდა ფეხი. ქალაქის არაბულმა მოსახლეობამ ისლამი მიიღო და შემწენი (არაბ. الأنصار; ალ–ანსარ. მხ. რ. არაბ. نصير ნასირ) ეწოდათ, მექიდან გადმოსახლებულებს კი მუჰაჯირები (არაბ. المهاجرين; ალ–მუჰაჯირინ). მედინაში ასევე ცხოვრობდნენ იუდეველთა ტომები, რომლებსაც ზიმმის სტატუსი მიეცათ. მუჰამმადმა ﷺ შეადგინა მედინის კონსტიტუცია (არაბ. دستور المدينة; დუსთურ ალ–მადინა), სადაც დაწვრილებით აღწერა ყველა მხარის (მუჰაჯირების, ანსარისა და ზიმმიების) უფლება–მოვალეობები.[
მექელებმა რამდენიმე ბრძოლა გაუმართეს მუსლიმებს, მათ შორის 627 წელს გამართული თხრილის ბრძოლა მედინასთან, როდესაც მედინელ იუდეველთა ტომი, ბანუ ყურაიზა, წარმართებს მიემხრო და მათი დამარცხების შემდეგ სასტიკად იქნა დასჯილი – მამაკაცები დახოცეს, ქალები კი მონად გაყიდეს. ბანუ ნადირი და ბანუ ყაინუყა’ი, შედარებით ნაკლებად დაისაჯნენ – ისინი გადაასახლეს. საბოლოოდ 628 წელს დაიდო შეთანხმება ჰუდაიბიაში, რომელმაც ზავი დაამყარა მუსლიმებსა და წარმართებს შორის, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ეს ზავი დაირღვა მათი მოკავშირე ტომების მიერ. 629 წელს მუჰამმადმა ﷺ აიღო მექა თითქმის უსისხლოდ. იგი გარდაიცვალა 632 წლის 8 ივნისს.
ისლამის მიმდევრები ძირითადად ორ ნაწილად იყოფიან შიიტებად და სუნიტებად
ხუთი საინტერესო ფაქტი ისლამის შესახებ
- სიტყვა მუსლიმი ნიშნავს ის ვინც ემორჩილება ღმერთს
- მუსლიმი მოსახლეობით მსოფლიოში პირველია ინდონეზია, შემდეგ პაკისტანი და ინდოეთი
- ისლამი ყველაზე სწრაფად ზრდადი რელიგიაა, 1.7 მილიარდი მიმდევარით ისლამი სიდიდით მეორე რელიგია (მსოფლიოს მოსახლეობის 23%)
- მარიამი(იესოს დედა) ყურანში უფრო მეტჯერაა ნახსენები ვიდრე მთელ ახალ აღთქმაში
- მუსლიმები მხოლოდ მარჯვენა ხელს იყენებენ საკვების მისაღებად
წმინდა ადგილები
ქააბა – კუბური ფორმის მუსლიმური სიწმინდე

ალ-აქსას მეჩეთი – იერუსალიმი


